სიახლე

ქობულეთის კულტურის სახლში გურამ თამაზაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა

ქობულეთის კულტურის სახლში გურამ თამაზაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოზე სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენების კავალერი, ლეგენდარული „ქართული ხმების სოლისტი” და ანსამბლ „ალილოს” დამაარსებლი გურამ თამაზაშვილი გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

კონცერტი გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „მხედრულის“, ანსამბლ „ქობულეთისა“ და ანსამბლ „ბათუმელების“ მონაწილეობით ჩატარდა. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

საიუბილეო საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მისი მეუღლე სოფიო ბაკურიძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მომღერლის მეგობრები, ოჯახის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა.