განათლება

, ქობულეთის ეტალონი მოსწავლე’’ თეკლა გოლიაძეა

3 მაისს „ქობულეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ქობულეთის კულტურის ცენტრში გაიმართა. მასში ქობულეთის გამორჩეული მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ კონკურსში ჩართვის შანსი სპეციალური ტესტირებით მიიღეს, რომელიც სკოლებში ერთი თვით ადრე ჩატარდა.

ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს, რა თქმა უნდა, „ეტალონის’’ ავტორი და უცვლელი წამყვანი, აკადემიური დოქტორი, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. კონკურსი კი „ეტალონის“ თანამედროვე IT ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შექმნილი პროგრამის მეშვეობით მიმდინარეობდა.

კონკურსის დაწყებამდე წამყვანმა წინა _ 2016-2017 სასწავლო წლის „ქობულეთის ეტალონ მოსწავლეს“, რატი თხილაიშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად 2017-2018 სასწავლო წლის გამარჯვებული ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თეკლა გოლიაძე გახდა 70 ქულით. ის უკვე საქართველოს ინტელექტ ჩემპიონატის ფინალის მონაწილეა და სხვა მუნიპალიტეტების ,,ეტალონ მოსწავლეებთან’’ ერთად ქობულეთის სახელით იბრძოლებს ,,საქართველოს ეტალონი მოსწავლის’’ ტიტულისათვის.
ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, რესურსცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე, მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.