სიახლე

რა ხდება ქობულეთში: დაბინძურებული ზღვის სანაპირო, კერძო სანაპირო ზოლები

ერთი კვირის წინათ აჭარის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა, რომლის თანახმად, გამოთავისუფლებული თანხა მიზნობრივად გადანაწილდა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებაზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის ტურისტული ზონის განვითარება მომავალი წლის პრიორიტეტად გამოცხადდა. სამუშაოებისთვის გამოყოფილი 5 მილიონი ლარი ტურისტულ ქალაქში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება. აქ უკვე დაიწყო ნაპირის გამაგრება

მზადაა ქობულეთის განვითარების პროექტიც. რამდენიმე დღის წინათ ქობულეთში სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის ესკიზს მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ქობულეთის გამგებელთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. ლევან ვარშალომიძემ გამგებელს რაიონში სანაპირო ზოლის, ქუჩების, ტროტუარების, ველო-ბილიკებისა და პარკების კეთილმოწყობაზე ზედამხედველობა დაავალა.

– ქობულეთს აქვს ერთადერთი პრობლემა – პარკების ზონა. აქ ყველაზე დიდი – 10 კმ-იანი სანაპირო გვაქვს, მაგრამ პარკები იმდენად მოუვლელი, რომ აქ კარგი დასვენება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. როდესაც ტურისტი ჩამოდის, მას შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა დახვდეს. აუცილებელია სასეირნო და ველობილიკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების მოწყობა, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ, – სამუშაოები მალე დაიწყება და ჩვენი გათვლებით, მომავალი წლის 5 მაისისთვის დასრულდება.

ქობულეთში წლევანდელ საზღვაო სეზონს წარუმატებლად აფასებს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა დიასამიძეც. მიზეზად კი, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას ასახელებს.

– მიუხედავად იმისა, რომ წელს ქობულეთს, შარშანდელთან შედარებით, მეტი ტურისტი ეწვია, უნდა ვაღიაროთ, რომ 2011 წელს ქობულეთის ინფრასტრუქტურა არ იყო მზად, რამაც შეაფერხა ვიზიტიორების სრულფასოვანი დასვენება. ამიტომაც წელსვე უნდა დავიწყოთ მზადება, რათა მომავალი წლის მაისისთვის ქობულეთის მთელი ზღვისპირა ზოლი ინფრასტრუქტურულად იყოს მოწესრიგებული, – აღნიშნა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

– ნაპირსამაგრი სამუშაოები რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, პარკის ტერიტორიას და მოსახლეობას საფრთხე აღარ შეექმნება. სასეირნო ბილიკიც ოთხი მეტრით გადიდდება და საკურორტო ქალაქის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტის თანახმად, მოწესრიგდება აღმაშენებლის და თამარ მეფის გამზირები, ასევე რუსთაველის ქუჩის ნაწილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ყველა ქუჩას.

მომავალი წლიდან საქართველოში ყველაზე გრძელი ქუჩა ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად უნდა იქცეს – აღმაშენებლის ქუჩაზე ველოტრასა მარჯვენა ტროტუარზე მოეწყობა. მარცხენა ნაწილი კი ფილებით მოპირკეთდება, ისევე როგორც ქობულეთის ყველა ქუჩა. გარდა ამისა, დაგეგმილია მიწისქვესა კომუნიკაციების დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის დასრულებაც. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება, მანამდე კი ტენდერი გამოცხადდება და გამარჯვებული სამშენებლო კომპანიაც გამოვლინდება. ქობულეთის რეაბილიტაციის პროექტზე ქართველ არქიტექტორებთან ერთად ესპანელი სპეციალისტებიც მუშაობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *